სუს-ის ბრიფინგზე, გატაცებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე პერიოდი გამოტოვეს

გამოქვეყნდა:

ბრიფინგზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამართა და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების სტატისტიკა დაასახელეს, დაკავებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე პერიოდი, 2013-დან 2018 წლამდე, გამოტოვეს. 

სუს-ის წარმომადგენელმა გიორგი საბედაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებათა "გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია". 

მანვე, უკანონო დაკავებათა სტატისტიკის დასახელებისას მოიყვანა 2009-დან 2012 წლებამდე და 2019-2020 წლების პერიოდი და ხაზი გაუსვა, რომ დაკავებებმა "2011 წელს მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში".

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მონაცემების მიხედვით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა, თუ ოკუპანტთა მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების საწყის წერტილად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ავიღებთ, ცხინვალის რეგიონში, 2008-2020 წლამდე პერიოდში, უკანონო დაკავებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა 2011, არამედ 2015 წელს იყო, როცა გატაცებათა რიცხვი, წლის განმავლობაში 163-მდე ავიდა.

ხოლო 2011 წელზე მაღალი მაჩვენებელი 2008-2020 წლის პერიოდში, სულ ორჯერ, ორივეჯერ "ქართული ოცნების" მმართველობის წელს ემთხვევა - 2014 წელს საქართველოს 142 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ, 2015 წელს - 163, ხოლო "ოცნების" მმართველობის პირველივე წელს, 2013-ში, სამაჩაბლოს მიმართულებით, ოკუპანტებმა 139 მოქალაქე გაიტაცეს.

"გაუგებარია, რა ლოგიკით ხელმძღვანელობს უწყება ან მაშინ, როცა გატაცებათა ამ მაღალი მაჩვენებლის პერიოდს საერთოდ არ ასახელებს სტატისტიკის მოხმობისას, ან მაშინ, როცა ხაზს უსვამს, რომ 140 გატაცება 2011 წელს ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ მაგალითად, 2013, 2014 და 2015 წლებში, ოკუპანტებმა, აფხაზეთის მიმართულებაზე, უკანონოდ დააკავეს და გაიტაცეს, შესაბამისად, 393, 375 და 336 მოქალაქე, ასე რომ, გატაცებათა საერთო რიცხვი საკმაოდ მაღალია როგორც მხოლოდ ერთი რომელიმე ოკუპირებული რეგიონის, ასევე გატაცებათა ჯამის კუთხითახ", - აცხადებს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, ბრიფინგი სუს-მა 11 თებერვალს გამართა და ის, ძირითადად, ოკუპაციასთან დაკავშირებული უკანონო დაკავებების შედეგად საზოგადოებაში არსებულ ნარატივებს მიუძღვნა, ხოლო ნარატივს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მალავს ოკუპანტთა მიერ უკანონოდ გატაცებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას, მცდარი უწოდა.  

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც ასევე, რეგულარულად ასაჯაროვებს გატაცებულთა სტატისტიკასა და გატაცებების შესახებ ინფორმაციას, ამ ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ სუს-ის წუხილი უსაფუძვლოა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი