ნიკა მელიას საკითხს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლოს განიხილავს - პროცედურული თანმიმდევრობა

გამოქვეყნდა:

იმ საპროცედურო ვადების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა იმ შემთხვევებისთვის, როცა სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება ან დეპუტატის იმუნიტეტის დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეჩერება განიხილება, პარლამენტი ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხს, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს განიხილავს. 

პროცედურის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძვლიანობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს - ამისთვის კანონში ხუთდღიანი ვადაა გათვალისწინებული.

ხუთდღიანი ვადის ამოწურვამდე ან ამოწურვის შემდეგ კომიტეტებმა წერილობითი დასკვნა უნდა წარუდგინონ პარლამენტის ბიუროს, რომელიც საკითხს უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანს და გადაწყვეტილება დადგენილებაში იქნება ასახული. 

იმ შემთხვევაში, თუ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობას გასცემს, დეპუტატს დაკავების ან პატიმრობის დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში უჩერდება უფლებამოსილება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში დეპუტატს პატიმრობის ან დაკავების პერიოდი ეთვლება პარლამენტარის უფლებამოსილების საერთო ვადაში და უნდა მიეცეს ამ ვადის შესაბამისი კომპენსაცია. 

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. ნიკა მელიას ეს პროცედურა ერთხელ უკვე გავლილი აქვს, მაგრამ მაშინ ის არ დაუპატიმრებიათ: აღკვეთის ღონისძიებად გირაო და პატიმრობის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი