პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ანა ყურაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად დალუქვისა დღეს, 15 თებერვალს 19:00 საათზე ბარი "ჯაფარასთან" ისევ გაიხსნება.
აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ორი დღის წინ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი გახსნა, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
"10-15 წუთის განმავლობაში შორი პერიმეტრიდან გვაკვირდებოდნენ. ჩემი ორი მეგობარი დარჩა შიგნით, რომელსაც რა წარუდგინეს ინფორმაცია არ გვაქვს. შემდეგ, გამთენიისას ესენი გამოიყვანეს და დალუქეს. სიგიჟე მგონია ადამიანებს შუა თებერვალში, ყინვაში, უტანსაცმლოდ და პირადი ნივთების გარეშე ტოვებდე. დღეს ვაპირებთ, რომ ისევ გავიხსნათ 19:00 საათზე, ჯაფარა მოხსნის ლუქს", - ამბობს ანა ყურაშვილი.
შეგახსენებთ, ბარი 13 თებერვალს გაიხსნა. ადგილზე მუნიციპალური და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
გუშინ გვიან ღამით, კი პოლიციამ ბარი დალუქა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.