"ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საერთო გადაწყვეტილება მიღებულია და ხვალ, 16 თებერვლას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერენ. 

"ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატი, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს მას", - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მისი თქმით, პლენარულ სხდომასა და საკომიტეტო დონეზეც საკითხს მხარს დაუჭერენ.

"არავის არ აქვს უფლება ფეხქვეშ გათელოს კანონისა და სამართლის უზენაესობა და არავის არ აქვს უფლება ქართული სახელმწიფოს საძირკვლების შერყევა სცადოს, მე პირადად  მხარს დავუჭერ, რომ ამის უფლბა არავის არ მივცე", - თქვა სოზარ სუბარმა. 

დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ მხარს "კონსტიტუციასა და კანონებს" უჭერს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოპოზიციიდან შესული დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერენ, ხოლო "ქართული ოცნება" ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში ერთიანია. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი