ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე აღნიშნა, რომ მთავრობისთვის კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მთავარი მექანიზმი კოვაქს პლატფორმაა, თუმცა სხვა მექანიზმებიც უნდათ, რომ გამოიყენონ.
"ჩვენთვის მთავარი მექანიზმი მაინც კოვაქსის პლატფორმა რჩება და კოვაქსის პლატფორმა შეიქმნა იმისთვს, რომ ეს რისკები არ ყოფილიყო საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც თავისი მოცულობით საინტერესო წინადადება ვერ ექნებათ მწარმოებელთან. არის კიდევ ორი მექანიზმი, რაც გვინდა რომ გამოვიყენოთ. ერთი, ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათი შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც, შესაძლოა ამ ეტაპზე არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ, შეიძლება იყოს შესყიდვის, ან დონაციის სახით. ასევე, მაინც, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკებაც", - თქვა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა სისუსტე და უსუსურობა - ასე შეაფასეს ჯანდაცვის ექსპერტებმა გაბუნიას დღევანდელი განცხადება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ დრო დაკარგა.
"ერთი მხრივ ამბობენ, რომ უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის კარგი, ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ, მეორე მხრივ აფუჭებენ ყველაფერს რაც არის გაკეთებული ან უნდა გაკეთდეს. მე პირადად მოლაპარაკებები მაქვს, წერილი შეგზავნილია სამინისტროში, ამ წერილზე პასუხს ველოდები უახლოეს დღებში, ამ წერილზე პასუხი მომცემს საშუალებას ვაქცინა ჩამოვიტანო საქართველოს", - თქვა ენმ-ს წვერმა, გიორგი ჩალაძემ.
მისი თქმით, თუ წერილზე პასუხი არ მიიღეს, მაშინ მას საჯაროდ გამოაქვეყნებენ და იტყვიან რაში შეუშალა ხელი სამინისტრომ.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.