ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, სადაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ენმ-ის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს, დაცვის მხარეს შეკითხვები აქვს ბრალდების მხარესთან.
"ნიკა მელია არ ემორჩილებოდა შემზღუდავ განკარგულებას, მას ჰქონდა აკრძალული სახლიდან გასვლა, საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, სიტყვით ბგამოსვლა და ასე შემდეგ, ანუ სასამართლოს მიერ შერჩეული ყველა შემზღუდავი ღონისძიება ნიკა მელიას მიერ ირღვეოდა საჯაროდ 2019 წლის 27 ივნისიდან და ირღვეოდა ყოველდღე. შესაბამისად, შეკითხვა მაქვს: რა მოხდა 1 ნოემბერს ისეთი, რაც მანამდე არ მომხდარა და რის გამოც პროკურატურამ აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა?", - ჰკითხა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროკურორ მიხეილ სადრაძეს.
შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ 1 ნოემბრამდე, ანუ იმ დღემდე, როცა ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიშორა და გადააგდო, პროკურატურა ინფორმირებული იყო მისი გადაადგილების შესახებ, მათი თქმით, ნიკა მელიას მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა ამომრჩევლებს და ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ბრალდების თქმითვე, იმის მიუხედავად, რომ ნიკა მელიას მხრიდან ირღვეოდა პირობები, ეს დარღვევები ბრალდებას არსებით დარღვევად არ მიუჩნევია.
ამის საპასუხოდ, ადვოკატებმა დასვეს შეკითხვა: "კანონის რომელი მუხლი იძლევა განმარტებას, რომელია შეზღუდვის პირობების არსებითი და არაარსებითი დარღვევა?"
პროკურორ სადრაძის განმარტებით, კანონმდებლობაში არსებობს არსებითი კატეგორიები, მისივე თქმით, დარევის ხარისხის შეფასება არის ბრალდების პრეროგატივა. "ჩვენი შეფასებით, 1 ნოემბრამდე არსებული დარღვევები არსებითი ხასიათის არ იყო", - განაცხადა სხდომაზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. თავად ნიკა მელია პროცესს არ ესწრება, ის ენმ-ის ოფისიდან ადევნებს თვალს სხდომას. ოფისში მასთან ერთად იმყოფებიან როგორც ენმ-ის, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ოპოზიციის ნაწილი საქალაქო სასამართლოს შენობასთანაც მივიდა და აცხადებს, რომ თუ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრებას შეუფარდებს, ციხეში ენმ-ის ლიდერის წასვლას არ დაუშვებენ და მას ფიზიკურად დაიცავენ.