ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები ყვითელ ავტობუსებში არიან განთავსებულნი.
ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მათი მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტიის ოფისი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზასთანაა ახლოს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში კი ოპოზიციის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოფისში შეკრებილები ამბობენ, რომ თუ სასამართლო მელიას დაპატიმრებას მოითხოვს, მხარდამჭერები მას დაკავების უფლებას არ მისცემენ.