ეს ძალის დემონსტრირება, ფაქტობრივად, შიშის დემონსტრირებაა - ხატია დეკანოიძე ძალოვანთა მობილიზებაზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ოფისში მყოფი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ძალოვნების მხრიდან ძალის დემონსტრირება, სინამდვილეში, შიშის დემონსტრირებაა. 

"ცალსახად ძალის დემონსტრირებაა, აჩვენებენ, რომ მოდიან შტურმით, მთელი თბილისის საპატრულო პოლიციის მანქანები მობილიზებულია, ამას გარდა, ორი უკანა ქუჩა არის გადაკეტილი, ჩვენს წინაც, სავარაუდოდ, სუს-ის მანქანებია, ჩაკეტილია. ეს ძალის მობილიზება, რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, შიშის დემონსტრირებაა, იარაღის ჟღარუნით ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, მით უმეტეს, 20 ივნისის შემდეგ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ერთი ისტორია მინდა მოვუყვე პოლიციელებს: 2014 წელს, უკრაინაში, სანამ ღირსების რევოლუცია მოხდებოდა, უკრაინის მილიცია გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, "ბერკუტელები" ხვრეტდნენ ხალხს, იტაცებდნენ აქტივისტებს და ეს დაუსჯელობის სინდრომში გადაიზარდა, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ შსს-ს ძალიან ბევრი თანამშრომელი აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე, "ბერკუტის" ბევრი წევრი, ყველაზე სასტიკი და გამორჩეული, ყველა აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და ვინც განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდა, რუსეთში გაიქცა", - გაიხსენა ხატია დეკანოიძემ. 

"თავისუფლების იდეა სამართალდამცველებისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს და ეს არის იდეა, რომ შენ დაიცვა შენი თანამოქალაქეები, იმის განურჩევლად, რას გავალებენ, ეს ადამიანები, ვინც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, არამხოლოდ თავისუფლების იდეის, არამედ კანონის წინააღმდეგ მიდიან"- აღნიშნა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა, რომელიც პარტიის ოფისში, დანარჩენ პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად იმყოფება. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისში მყოფი ნიკა მელიას მხარდასაჭერად მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს შეკრება, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეუცვალა. ოფისში შეკრებილები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას სპეცრაზმს არ გაატანენ და ციხეში მის წასვლას არ დაუშვებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი