
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას არ სურდა ქვეყანაში მეორე 20 ივნისი მოეწყო, ამიტომ ის სიტუაციას განერიდა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს.
"რაც შეეხება ბატონ გახარიას, ამ ადამიანს არ სურდა და ვერ გავამტყუნებთ და მოდი ნუ გავამტყუნებთ, რომ მეორე 20 ივნისი მოეწყო, ფიზიკურად ბატონი გავრილოვის ქვეყანაში არ არსებობის პირობებში. განერიდა, არ აიღო ეს პასუხისმგებლობა და მისასალმებელია.
მთავარი ახლა არის, რომ ერთადერთ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართოს შეხვედრა. ამას არ აქვს ალტერნატივა და არ ჰქონდა ალტერნატივა და ახლა კიდევ უფრო მეტად არ აქვს ალტერნატივა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაშ ახალი არჩევნები ჩატარდება",-თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.
დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.
ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.