მას შემდეგ, რაც ენმ-ის ოფისში მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ოფისში არ შეუშვეს, შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს განჩინების აღსრულებას, აღკვეთილი იქნება.
"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ენმ-ის ოფისში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ ოფისში პოლიციელები მივიდნენ და შიგნით შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ჩაკეტილი კარის გამო უკან გაბრუნება მოუწიათ. ამავე დროს, მათ უარი განუცხადეს ნიკა მელიას ადვოკატს იმ დოკუმენტის გადაცემაზე, რომელიც, მათი თქმით, ნიკა მელიასთვის უნდა ჩაებარებინათ.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობდა, რადგან განჩინება, თუ ის მართლაც ჰქონდათ მოტანილი შსს-ს წარმომადგენლებს, შეეძლოთ მისთვის გადაეცათ.
შეგახსენებთ, მთელი ღამის განმავლობაში, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში მობილიზებისა და განუწყვეტელი თათბირების ფონზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.
ამავე თემაზე:
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ
როგორც მოვლენ ისე წავლენ - ნიკა მელია რობოკოპებზე
სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად- მობილიზაცია შსს-ში და ვითარება ენმ-ს ოფისში