
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობდა. სუბარის თქმით, თემასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.
"გამიჯნვა - არგამიჯნვა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში თუ დაკავება. აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი აქ არ უნდა არსებობდეს",-თქვა სუბარმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.
დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.
ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.