
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა ქვეყანას არსებული კრიზისიდან მაინც ვერ გამოიყვანს და საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვალოს.
"როგორი არ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამის მაგალითია ქალბატონი თამარი, რომელიც ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 15 ათასი ლარით მდიდრდება, მანქანით ვემსახურებით, საწვავით ვემსახურებით, ამის შემდე, არჩევნები რომ დადგება 2X2 41-იაო გვეტყვის, შესაბამისად, ამ ადამიანს არც მორალური, არც პოლიტიკური, არანაირი უფლება არ აქვს თანამდებობა შეინარჩუნოს", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არავინ ენდობა და ახალი არჩევნები თვისებრივად ახალ საარჩევნო გარემოში, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, 19 თებერვალს გავრცელდა. ცესკო-ში ამბობენ, რომ თამარ ჟვანია არ გადამდგარა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოფიციალური განცხადება ამ თემაზე უწყებაში არ გაკეთებულა.