
ომბუდსმენის აპარატი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების ქმედება გაუმართლებელია, რადგან დროებითი კონსტრუქციების განთავსება და კარვების გაშლა შეკრების თავისუფლებით არის დაცული:
"საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში
ლომჯარია წერს, რომ პოლიციას ეკისრება პასუხისმგებლობა შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან.
აქვე გეტყვით,რომ დღეს აქტივისტებმა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 20-ზე მეტი აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე და "ლელოს" 5 წევრი