20 ივნისის სისხლიან ღამის დავალება, რომელზეც სუს-ის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი, კობა მურადაშვილი საუბრობს, შიდა ჯგუფში, "გავრილოვის ღამიდან" რამდენიმე დღეში გაიგზავნა. ის სამმართველოს თანამშრომლებს ეუბნება, რომ მნიშვნელოვანი და რთული დავალება მიიღეს - უნდა ეპოვათ 15 ადამიანი, რომელიც აქციაზე იყო და გამოძიებას მათთვის სასურველ ჩვენებას მისცემდა. იტყოდა, რომ დარბევამდე რუსთაველის გამზირიდან წავიდა, რადგან პარლამენტში შეჭრის იდეას არ ეთანხმებოდა.
პირველი შეტყობინებიდან მალევე, მურადაშვილი კიდევ ერთ ხმოვან მესიჯს აგზავნის - სუს-ის თანამშრომლებს რამდენიმე დღე მისცეს იმისთვის, რომ გაეშიფრათ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები და ამოეცნოთ 15 ისეთი ადამიანი, რომელიც რასაც დაუწერდნენ იმას იტყოდა.
დაზუსტებით არ ვიცით რა რიცხვით თრიღდება ეს ხმოვანი შეტყობინებები, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დავალება სუსში 21 ივნისის შემდეგ მიიღეს. დრო ორშაბათამდე მისცეს, ანუ 24 ივნისამდე. სწორედ ამ დღეს უთხრეს ნიკა მელიას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მეორე დღესვე პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და 26 ივნისს დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ყველა ჩვენება, რომელიც მელიასთვის ბრალის წარსადგენად სჭირდებდათ 26 ივნისით თარიღდება. გამოდის, რომ პროკურატურამ არარსებული მასალების საფუძველზე მიმართა პარლამენტს, მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ ჩვენებები მალე ექნებოდათ.
თუ უბრალო მოქალაქეებს ვერ მოძებნიდნენ სუსში გეგმა ბ-ც ჰქონდათ. კიდევ ერთ ხმოვან შეტყობინებაში,რომელიც კობა მურადაშვილმა საერთო ჯგუფში გაგზავა, თანამშრომლებს სთხოვს დაკავებული პირებიდან ამოიცნონ ვინ არის მათი აგენტი.
წყარო ძალოვანი უწყებიდან გვიდასტურებს,რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ხმოვანი შეტყობინებები ავთენტურია და ხმაც ნამდვილაც კობა მურადაშვილისაა. ის სუს-ში აღარ მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით, 2 თვის წინ სამსახურიდან წამოვიდა ან გამოუშვეს. კითხვებზე პასუხის მისაღებად სუს-ის უკვე ყოფილ მაღალჩინოსანთან სახლში რამდენჯერმე მივედით. მურადაშვილმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს უპასუხა.
ჩანაწერები, რომელიც დღეს პირველად მოისმინეთ ერთადერთი არ არის. ალბათ, სუს-ის კიდევ მრავალი სამმართველოს უამრავ ჯგუფშია ასეთი შეტყობინებები გაგზავნილი. ყველამ კარგად იცის,რომ სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა ფუნქცია დიდი ხნის წინ დაკარგა. 2012 წლიდან დღემდე ეს უწყება მხოლოდ ერთი ადამიანის, ოლიგარქის სურვილების შემსრულებლად იქცა.
ავტორები: ქეთა ციცქიშვილი, ვაჟა ჩხაიძე, ლევან სიხარულიძე.