დღეს ადვოკატები კიდევ ერთხელ მოინახულებენ უკანონო ტყვეობაში მყოფ ოპოზციურ ლიდერს. პარალელურად კი დაცვის მხარე მოსამართლე ნინო ჩხნაშვილის განჩინებას სააპელაციო ინსტანციაში ასაჩივრებს. ამჯერად ნიკა მელიას საჩივარი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, 72 საათის განმავლობაში უნდა განიხლოს. ეს მოსამართლე წარსულშიც განიხილავდა ხმაურიან პოლიტიკურ საქმეებს, მათ შორის გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას საქმეებს.
"დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან სამართლებრივი ჩარჩოები შეთავაზებულია, სამართლებრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნიკა მელია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
ნიკა მელია გუშინ დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ენმ-ის შენობის შტურმისა და, ნიკა მელიასთან ერთად, 20-ზე მეტი პირის დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველზე კარვები გაშალეს და ღამეს იქ ათევენ.
მორიგეობის გრაფიკი წინასწარაა გაწერილი. ამასთან, დღეს რუსთავის ციხის მიმართულებით, ავტოკოლონის მსვლელობაა დაგეგმილი, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, შთამბეჭდავი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ რეგიონალური პროტესტი დედაქალაქში ინაცვლებს - დღეს საღამოს ზუგდიდიდან კარავი ჩამოვა, მომდევნო დღეებში კი საპროტესტო კკარვებს კახეთიდან, იმერეთიდან და სხვა რეგიონებიდან ელოდებიან.