შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასამართლომ კანონიერად სცნო "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისიდან ტექნიკური მოწყობილებების ამოღება და დალუქვა. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
"თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს", - წერია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამის შემდეგ ენმ-ს გაუგზავნეს ოფიციალური წერილი, სადაც სთხოვენ, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკას გადასცემენ.
უწყების განცხადებით, გამოძიება სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტექნიკაც ამ გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.