07 საათი და 15 წუთი - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დრონი გამოჩნდა. დაკავების ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ძალოვანებმა ბოლოჯერ შემოაწმეს, რა ხდებოდა შენობის ეზოსა და შესასვლელთან.
პარტიის ოფისისკენ ასეულობით პოლიციელი დაიძრა. პირველად კრიმინალური პოლიცია გამოჩნდა. სწორედ მათ ევალებდათ სასამართლოს განჩინების აღსრულება - ნიკა მელიას დაკავება. საპატრულო პოლიციასთან ერთად კრიმინალური პოლიციის დანაყოფებმა შენობას ალყა შემოარტყეს. მათი მოწყობის შემდეგ შენობის ყველა შესასვლელთან, მათ შორის სარდაფის კართანაც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმენტის დანაყოფებმა დაიკავეს ადგილი.
ხელმძღვანელი პირები ბრძანების გასაცემად ემზადებოდნენ. როგორც კი სამაშველო სამსახურის მძიმე ტექნიკამ კიბე გაშალა და სპეცრაზმელების ნაწილი სახურავზე ავიდა, ბრძანება გაიცა და დაკავების ოპერაცია დაიწყო, რომელსაც რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავდა.
ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ერთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ექვსი დღის შემდეგ, სწორედ ეს დრო დასჭირდა ძალოვან უწყებას ე.წ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.