
"იქ, ასეთ ადგილებში მცხოვრებლებს, ყველას უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, ერთი სასტუმრო, ახლა კი რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ ბიტკოინების საამქროები ოლიგარქისთვის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როცა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს შეეხო.
"ჩემი სრული სოლიდარობა ამ აქციის მონაწილეებს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი ზიანი, რაც ნამახვანჰესის მშენებლობით მიადგება გარემოს, ეს იმერეთის კლიმატის შეცვლაა, რაც დაუშვებელია.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმი სწორედ ისეთ ადგილებში უნდა განვითარდეს, როგორიც რიონის ხეობაა. ამ მოსაზრების დასტურად მან კახეთის რეგიონის მაგალითი მოიყვანა.
"კახეთში მე რომ ტურიზმის განვითარებაზე დავიწყე ლაპარაკი, დამცინოდნენ, ახლა კი კახეთის ყოველ მეორე პატარა სოფელში სასტუმროები აქვს ხალხს, შემოსავალი გაიზარდა, უცხოელი ტურისტები ჩადიან", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარის" ეთერში.
შეგახსენებთ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგიო აქციების ეპიცენტრმა ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც ამ წუთებში გრანდიოზული აქცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში, უკვე 120 დღეზე მეტია, ნამახვათან საპროტესტო აქცია გრძელდება.