ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს, პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მიშელი სხვადასხვა მხარესთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს განიხილავს.
"ეს ვიზიტი არის ცხადი ნიშანი იმ ინტერესისა რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ ჩვენი ახლო პარტნიორის, საქართველოს მიმართ. დატვირთული დღე იქნება, დაგეგმილია ბევრი შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქნება ყველა მხარესთან საუბრის შესაძლებლობა ბევრი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით", - თქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა, მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან აქვს. ის ასევე გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნოს. მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.