
საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარისთვის გ.ხ-ს ბრალი წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თბილისში, გ.ხ-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აწამა ს.მ. როგორც პროკურატურა განმარტავს, გ.ხ დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი გ.ხ-მ დაზარალებული ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.
"გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გ.ხ-ს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 11'-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.