გორში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ოფისში ჩამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა. მომხდარის დეტალებს პარტიის წევრები იხსენებენ და ამბობენ, რომ თავდასხმაში 6 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან პოლიციას დაკავებული ჯერ მხოლოდ 3 ჰყავს.
"როდესაც მოვედი კვლავ ადგილზე რჩებოდნენ დამნაშავეები, არ ცდილობნენ მიმალვას, რამეთუ წახალისებულია დანაშაული საქართველოში და რომ არ ყოფილიყო აქ თვითმხილველების აქტიურობა დარწმუნებული ვარ, შესაძლოა არც ყოფილიყო დაკავებული იმდენად ადვილად გადაადგილდებოდნენ, არაფრის შიში არ ჰქონდათ. დაახლოებით, 6 ადამიანი იყო", - ამბობს ენმ-ს წევრი, ნანა ლოთიშვილი.
მისი თქმით, გარდა დაკავებულებისა, რომლებმაც ოფისი უშუალოდ დაარბიეს ადგილზე სხვადასხვა ჯგუფები "სეირის საყურებლად" მოდიოდნენ. მისივე განცხადებით, პოლიციას ადეკვატური რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, რაც დამნაშავეებზე თვითმხილველებმა მიუთითეს.
"აქტიურობას მოჰყვა ჩვენს მიმართ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში იერიში, გუშინაც 6 ადამიანი მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში, წლების განმავლობაში ათეულობით ადამიანი, ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ შემჩნეულები ოფისის დარბევაში მაგრამ დღემდე არავინ დასჯილა, პირიქით, წაახალისეს" , - თქვა ბადრი ბასიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღემდე არაა ანაზღაურებული ზარალი, რომელიც ოფისს სხვადასხვა პერიოდში მიადგა.
პარტიის წევრები ითხოვენ, რომ პოლიციამ ის პირები დააკავოს, რომლებიც ახალგაზრდებს მათი ოფისის დარბევას ავალებენ. ბასიშვილი ამას გორის "მაფიოზური კლანის" წევრებს - ხოჯევანიშვილებს უკავშირებს, ადგილზე კი სამხარეო პოლიციის უფროსს ილია კვაღინიძესა და შიდა ქართლის სუს-ის ხელმძღვანელს ოთარ ნონიკაშვილს.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან - გიორგი ბადაშვილი და გიორგი კალატოზიშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა "ოცნების" აქტივისტი და გორის კულტურის აპის თანამშრომელი ფარნა მახუხაშვილიც. მან "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნული უარყო.