გუშინ, 2 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 4 პირის ვინაობა ცნობილია. თავდასხმაში მონაწილე თენგო მჭედლიძე, თედო ალავერდაშვილი, გიორგი კალატოზიშვილი და გიორგი ბუთხუზი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

როგორც კალატოზიშვილის ადვოკატი, ზაურ მინდიაშვილი, ამბობს, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ არ უსაუბრია და შესაბამისად ვერ იტყვის აღიარებს თუ არა კალატოზიშვილი ბრალს.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ამ ეტაპზე. პირველად უნდა შევხვდე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს. ფიზიკურადაც არ მინახავს ჯერ, აქედან გამომდინარე, ბრალის აღიარება-არ აღიარებაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ გამოძიებასთანაც არ მქონია კომუნიკაცია და არ მაქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით", - ამბობს, გიორგი კალატოზიშვილის ადვოკატი, ზაურ მინდიაშვილი.

 "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, რომ დაადგინოს ვინ არიან ამ თავდასხმის დამკვეთები. გარდა ამისა, ისინი დანარჩენი თავდამსხმელების დაკავებასაც მოითხოვენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას დადგენილი და დაკავებული ჰყავს 4 პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ოფისის დარბევაში, ასევე დასაკავებელია კიდევ რამდენიმე პირი, რომელებიც დააფიქსირა კამერებმა. ჩვენი პოზიციაა გამოძიებამ დაადგინოს, უშუალოდ ამ დანაშაულის შემკვეთები", - განაცხადა ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა. 

დაკავებულებს ბრალი დღის ბოლოს წარედგინებათ. ასევე, დღის ბოლოს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რაოდენობა.

შეგახსნებთ, რომ 2 მარტს კომენდანტის საათის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისს რამდენიმე პიროვნებამ დაარბია. შენობაში დამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი