ნაციონალური მოძრაობა დამკვეთების ვინაობის დასახელებას მოითხოვს. მთავარი ოპოზიციური პარტიის გორის ოფისის ვანდალური დარბევის საქმეზე პოლიციამ 6 პირიდან 4 დააკავა, მაგრამ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეს უბრალოდ შემსრულებლები არიან, რომლებმაც ბრძანება პარტიის და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან მიიღეს.
ოპოზიციურ პარტიაში პირდაპირ ასახელებენ ჩინოვნიკებს ვინც შესაძლოა ჩართული იყოს ამ დანაშაულში და გამოძიებისგან მათ დაკითხვასაც მოითხოვენ.
გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს უკვე მეექვსედ დაესხნენ. ბადრი ბასიშვილი ოფისის დარბევას მათ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ამით გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გაღიზიანებულია. ბასიშვილი ამტკიცებს, რომ მოძალადეებს სუს-ის რეგიონული უფროსი ოთარ ნონიკაშვილი და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ილია კვაღინაძე მფარველობენ.