N3 დაწესებულებაში პატიმარმა თანამესაკნეს დაზიანებები მიაყენა - მისი მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბათუმში N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 10:11 საათზე მოხდა.

"მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა", - წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. შემდეგ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

"რაც შეეხება მომხდარს, დაზიანება ნ.ქ.-ს სავარაუდოდ მისმა მესამე თანამესაკნე ვ.ა.-მ მიაყენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ ვ.ა.-ს საქციელის მიზეზი გაურკვეველია", - წერს უწყება. 

მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი