ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით დღეს, 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები "საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია" და "მწვანე ალტერნატივა". მათი განმარტებით, ნამახვანჰესის მშენებლობა ისე ხორციელდება, რომ მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ არაა შესწავლილი.
"ჩვენ მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით. ამ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვისნიშანი, არ არის სათანადოდ გამოკვლეული ბევრი გარემოება, ბევრი გარემოება საერთოდ არ არის შესწავლილი", - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე 132-ე დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს კარავში ათევს. ამავე თემზე ადგილობრივებთან შესახვედრად პრემიერმინისტრის დავალებით დღეს მინისტრები, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ჩავლენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ პოზიცია უცვლელი რჩება.