"შენს მოსაკლავ დანას იჩხრიკავო.. სვანური სამართლით უნდა გაგვისწორდეს, სხვანაირად სვანეთს ვერ მოშორდებიო".. - "მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია, მესტიის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.
როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, ჟორჟოლიანმა მას მას შემდეგ დაურეკა, რაც ემა გოგოხია და მისი ოპერატორი მის დას, თეა ჟორჟოლიანს შეხვდნენ და სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.
ამის შემდეგ დაგვირეკა კაპიტონმა.. ნაწილობრივ გავასაჯაროეთ სატელეფონო საუბარი, სადაც არის მუქარა.. აგრესიას და მუქარას გამოხატავდა.. იყო საუბარი, გადაგიხდი ფულს და დატოვე საქართველოო, - იხსენებს გოგოხია.
გინება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მესტიის მერისგან "მთავარი არხის" ჟურნალისტს
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით, რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ანგარიშში საუბარი იყო მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის მხრიდან სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ, ის ადგილობრივი ჩინოვნიკების აგრესიის სამიზნე გახდა.
მომხდარს გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც მესტიის მერის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
ამავე საკითხს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდა.