
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ "მთავარის" ჟურნალისტისთვის მესტიის მერის მხრიდან ფულის შეთავაზება, ქვეყნიდან მისი წასვლის მიზნით, ხელისუფლების პრიმიტიული სურვილების გამოხატულებაა.
"ეს არის პრიმიტიული სურვილები ხელისუფლების მხრიდან, აგდებული დამოკიდებულება, რომ ფულს მოგცემ და წადი, ანუ, ამით იმას ამბობენ, რომ მათ აქვთ იმდენი ფული, შენ გაგიშვან ქვეყნიდან, დანარჩენს კი თვითონ მიხედავენ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი".
ზვიად ქორიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ემა გოგოხიას, რომელიც მესტიის მერის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევა, რის საფუძველზეც "მთავარი არხის" ჟურნალისტი მასალის მოსამზადებლად მესტიაში ჩავიდა, კარგად აღწერს, რა დონეზე არიან ჩართული ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციაში.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით, რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა, თუმცა, აგრესიის სამიზნე გახდა ადგილობრივი მაღალჩინოსნებისგან.
მომხდარს გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც მესტიის მერის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
ამავე საკითხს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე: