უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება სატელეფონო ჩანაწერების საკითხზე - უფლებადამცველებისთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს. პასუხი ცალსახაა - გამოძიება აუცილებლად, თანაც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ამბობენ, რომ უნდა შემოწმდეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა და ამ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხთა საგამოძიებო ნაწილმა უნდა გამოიძიოს. მუხლები მძიმეა: დანაშაულის მომზადება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალადობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში შესაძლოა მონაწილეობდა, დღეს პრემიერმინისტრია და ჩანაწერების მიხედვით, ის იმ ამაზრზენი ძალადობის გამზიარებელია.
უფლებადამცველები თვლიან, რომ გამოძიება მეორე მიმართულებითაც უნდა წარიმართოს - ოპონენტების ფარული მოსმენა უკვე სისტემურ პრაქტიკად იქცა. ვინ ჩაიწერა, ვინ მოუსმინა? რატომ უსმენენ პოლიტიკოსები ერთმანეთს?..
ამავე თემაზე:
ავტორი: ანა ასათიანი