არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემირ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე დანაშაულს შეიცავს. სამოქალაქო სექტორი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
"აქ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. სავარაუდოდ აქ არის საუბარი ძალადობის დაგეგმვაზე, განსაკუთრებით არასრულწლოვანი ადამიანის მიმართ დაშინება და დამცირება. ესეთ კონკრეტულ საკითხში ადამიანი თუ არის გარეული, ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ეკავოს მაღალი თანამდებობა", - თქვა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, პრემიერს საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ღარიბაშვილი პარლამენტში დაიბარონ და განმარტებები მოსთხოვონ.
"ვხედავთ ჩვენ, რომ არათუ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს, არამედ ზოგადად გამოძიების დაწყების ნება არ არსებობს. აქ ჩვენ კომპლექსურ სისტემურ ცვლილებებზე უნდა ვისაუბროთ. დღეს პრემიერმინისტრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. თუ ხელისუფლებას ბერკეტები ხელში უჭირავს, პრემიერის გადადგომითაც მოახერხებს იმას, რომ დამოუკიდებლად არ წარიმართოს გამოძიება", - თქვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდეს.