
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამოხვანჰესის პროექტის ჰიდროლოგიაზე საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლევა პროფესიონალურადაა ჩატარებული და ლაჯანურისა და რიონის ადიდების შემთხვევაში აუზში წყლის ჩადინებასაც ითვალისწინებს.
"იყო კითხვა ჰიდროლოგიასთან დაკავშირებით, რამდენად ზუსტად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული, და საუბარი და აპელირება იყო იმაზე, რომ ჰიდროლოგიური მონაცემები გასული საუკუნისაა, რაც ასე არ არის - ერთერთი იშვიათი პროექტია, რომლის მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი და 76 წლიანი უწყვეტი დაკვირვების შედეგებია აქ მოყვანილი და გაკეთებულია ერთერთი ყველაზე კომპეტენტური იტალიური ორგანიზაციის მიერ", - თქვა ლევან დათაშვილმა.
ამავე დროს, სხდომაზე გამოსვლისას, მინისტრმა ნამოხვანჰესის პროექტი გუმათჰესისას შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ მაქსიმალური ჩამონადენი ათიათასწლიან განმეორებადობაზეა გათვლილი.
"ჩვენ ვიცით, რომ გუმათჰესის კვლევები სრულიად შესადარისია ნამოხვანჰესის კვლევებთან, ნამოხვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური ინფორმაცია, გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი. მაქსიმალური ჩამონადენი ამ პროექტში ათიათასწლიან განმეორადობაზეა გათვლილი, თეორიულ დაშვებაზე, რაც ახლა წარმოდგვიდგენია ჩვენ რამდენია, ანუ, 4.900 კუბურ მეტრზე.
ლაჯანურიც რომ ადიდდეს და რიონიც, ანუ, თეორიულად რაც შეიძლება მოხდეს და მაქსიმალური ოდენობა მოხვდეს ამ აუზში წყლის, ეს ნაგებობა, პროექტი, ამასაც ითვალისწინებს, შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატიული გათვლებია გაკეთებული",- განაცხადა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დათაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის კრიტიკოსები იყოფიან სამ კატეგორიად: ისინი, ვინც ყველანაირი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან, ანუ, "არა ჰესებს" კატეგორია, ისინი, ვინც გამოირჩევიან ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხტომებით ინვესტორის მიმართ და ისინი, ვინც ზოგადად, პროექტს აკრიტიკებენ.
თურნავამ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არის გადაცემული დიდი ფართობის მიწა უცხოელი ინვესტორისთვის. მისი თქმით, პროექტი დიდია და დიდი ფართობის მიცემას მოითხოვდა.
აქვე გეტყვით, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ 105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.
4 მარტს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს.