არცერთი წამით არ დავთმობთ ამ ტელევიზიას - ინგა გრიგოლია საგანგებო ბრიფინგზე

გამოქვეყნდა:

"ვერ აიღებთ ძალით ტვ პირველს, გაძლევთ ამის პირობას, ეს არ მოხდება", - განაცხადა ტვ "პირველში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ. 

მისი განცხადებით, ხელისუფლებას ტვ "პირველის" გაჩუმება არ გამოუვა. ამასთან, ინგა გრიგოლიამ ეჭვქვეშ დააყენა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა კომენტარები სასამართლოს განჩინების შემდეგ, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ტელევიზიაში შეჭრა არ იგეგმება. 

"ჩვენ გვინახავს 7 ნოემბერი, გვინახავს შევარდნაძის დროს რუსთავი-2-ში შესვლა უშიშროების თანხლებით, გვინახავს ამ ტელევიზიაზე ზეწოლა, როცა არარსებული საქმის გამო ჩვენი ტელევიზიის დამფუძნებლის მამას დაატარებდნენ პროკურატურაში და რაც ამ დრომდე გრძელდება, იმის თქმა მინდა, რომ ყველანაირად გამოწრთობილი თაობა ვართ და არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც აი ამ ხელებით გვაქვს აშენებული.

გითხრათ, რომ არ ველოდი-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ამ ჩანაწერების გასაჯაროების მერე ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტვ პირველზე და რაც უნდა მოიჩლიქონ ენა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ არ აპირებენ შეჭრას ტელევიზიაში, მინდა ვკითხო მათ: მაშ, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი განჩინებაში - "წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა"? არ გამოგივათ!", - განაცხადა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის საგანგებო ბრიფინგზე. 

ტვ "პირველში" საგანგებო ბრიფინგზე განცხადებები ტელევიზიის სხვა წარმომადგენლებმა და ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემაც გააკეთეს. 

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი