ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. ამ წუთებში მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "რესპუბლიკელები" ხვდებიან.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც დღეს შეიძლება ოპოზიციამ იმსჯელოს ვადამდელ არჩევნებამდე გზაა, თუმცა, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, შეთანხმების მიღწევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.