
შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ორივე მხრიდან პოზიციების გადაადგილებას მოითხოვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი მსოფლიოში" ისაუბრა.
სამადაშვილი არ საუბრობს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დეტალებზე, თუმცა, ამბობს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება შესაძლებელია.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე არანაირი შეთანხმება არ იარსებებს.
არ მინდა, გავაჩინო განცდა, რომ შეთანხმება გარდაუვალია. საბოლოო ჯამში, შეთანხმება არის შესაძლებელი, თუმცა, ეს მოითხოვს ორივე მხრიდან შესაბამის, შემდგომ არა პოზიციის შეცვლას, მაგრამ პოზიციებში გადაადგილებს, იმისთვის, რომ ერთმანეთს დავუახლოვდეთ და შედგეს შეთანხმება. ამის მიღწევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ევროპელი პარტნიორებისთვის და სწორედ ამიტომაა, რომ ამხელა პოლიტიკური რესურსი ეთმობა. გასული 30 წლის მანძილზე ბევრი შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოგვივლია და კრიზისის განმუხტვაში ასეთი მაღალი დონის და სისტემატიური ჩართვა არ მახსენდება, - ამბობს სამადაშვილი.
კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში "ოცნების" ლიდერებს დღეს უკვე მეორედ ხვდება. მანამდე კი ის უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.