პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15 მარტს ბრიუსელში გაემგზავრება. ის ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება. ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდება.
ბრიუსელში გამგაზვარებამდე 1 საათი რჩება, ოპოზიცია და ხელისუფლება კი ამ დრომდე ვერ შეთანხმდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-დოკუმენტზე. ღარიბაშვილს ბრიუსელში ამ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგები უნდა წარედგინა.
პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს, ხელისუფლება თვლის, რომ ბრიუსელში "სავსე ხელებით" ჩავა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პირიქით, მმართველ გუნდზე ზეწოლის გაზრდას ელოდებიან.