ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართულ ოცნებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ხელახალი და სრულყოფილი გამოძიების ვადას სექტემბრამდე აძლევს.
ახლა ყველაფერი ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, გამოიძიებენ თუ არა იმ დანაშაულს, რომლის დამალვასაც აქამდე წლების განმავლობაში ცდილობდნენ.
ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლებას საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიების დაწყება არ სურს, ვინაიდან საქმეში მოქმედი ხელისუფლების პირველი პირები და ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს.
"ქართული ოცნება არ იძიებს იმიტომ, რომ ყველა მათი ახლანდელი აქტორები, ზოგი ვთქვათ, ფარცხალაძე კულისებშია გადასული, სუბარი, რომელიც მაშინ მინისტრი იყო, ახლა არის პარლამენტში და მათი ბევრი აქტიური სახე, რომელიც ახლა კულისებშია, თუ აქტიურ პოლიტიკაში, ფიგურირებს ამ საქმეში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული",-ამბობს ივერი ბალახაშვილი.
"ქართული ოცნების" დეპუტატები კი ამტკიცებენ, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე თავის დროზე გამოძიება უკვე ჩატარდა და ევროსასამართლომ სასჯელი და პატიმრობა კანონიერად ცნო.
"ევროსასამართლომ თავის დროზე განაცხადა, რომ სასჯელი და პატიმრობა არის აბსოლუტურად კანონიერი.
იქ საუბარი იყო გარკვეულ ეპიზოდზე, მოხდა თუ არა მისი გაყვანა საკნიდან. ამასთან დაკავშირებით თავის დროზე ჩატარდა გამოძიება, მაგრამ იმის გამო რომ ამასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომაც მიმართა ევროსტრუქტურებს, რომ ექსპერტის ჩართულობით მოხდეს ამ საკითხთან დაბრუნება",-თქვა ქადაგიშვილმა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი "ქართულ ოცნებას" ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდის არაეფექტური გამოძიების გამო აკრიტიკებს.
6-პუნქტიან შენიშვნათა ჩამონათვალს ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს.
მინისტრთა საბჭოს წევრებმა დაადგინეს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა დაუსაბუთებელი იყო, და შესაძლოა ეს პერიოდი საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერისგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შემდგომი შანტაჟისთვის გამოიყენა.