
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით, მისთვის "სასიამოვნო სიურპრიზი იყო".
ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა - ეს იყო ძალიან კარგი. გამომდინარე იქედან, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო, ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია, - ამბობს მდინარაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ახანგრძლივებს. მისი თქმით, ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.