
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტთან და პოლიტიკურ პარტიებთან მედიაციაში სრულად ჩაერთოს. საგანგებო განცხადებაში ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსაც ეხმაურება.
ევროპარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მედიაციის პროცესში მე მთლიანად მხარს ვუჭერ ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის მედიაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად და შემდგომი რეფორმებისკენ გზის გასაკვლევად. თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული პარლამენტი მედიაციის პროცესში ჩაერთოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები, მოლაპარაკებების ცენტრში დააყენონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი სცენ თავიან ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, - წერს კრამონი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა, დანიელსონი შეეცდება საქართველოში მანამ დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის
გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.