
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის, განცხადებით მმართველი გუნდი, ოპოზიციისგან განსხვავებით, მკაცრად იცავს მოლაპარაკებების დეტალების "გაუხმაურებლობას".
"წარმატების იმედი ნამდვილად მაქვს, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ საღი აზრი საზოგადოდ ყოველთვის იმარჯვებს, ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომელიც მერკანტილური შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს არ აყენებდეს. მოლაპარაკების პროცესში, ამ ბოლო ხანებში ვიხილეთ თუნდაც ისეთი დამოკიდებულება ოპოზიციონერთა მხრიდან, რომელიც სამწუხაროდ არ იყო მაინც და მაინც კონსტრუქციული. ამაზე ბოლო დროინდელი მოვლენებიც მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მკაცრად ვიცავთ იმ პირობას, რომელიც უკავშირდება გაუხმაურებლობას მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების, ამის საპირისპირო ოპოზიციის მხრიდან არაერთი მაგალითი ვნახეთ", - თქვა სარჯველაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან შეხვედრებს მართავს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.