ალგორითმი ფართოვდება - კორონავირუსზე თავშესაფარში მყოფები და მძღოლებიც შემოწმდებიან

გამოქვეყნდა:

ალგორითმი ფართოვდება - იმ ადამიანებს, ვისი ინფიცირების რისკი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მაღალია, COVID 19-ზე მიზნობრივ ტესტირებას ჩაუტარებენ. 

ახალი ალგორითმი ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდემიოლოგებსა და კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად დახურულ შეხვედრაზე განიხილა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალი ალგორითმი ძალაში ორ დღეში შევა. მინისტრის თქმით, COVID 19-ზე თავშესაფარში მყოფი პირები და სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც შემოწმდებიან.

ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომელიც იყო ჩამოთვლილი. ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს... თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას კვლევა, მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით კვლევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, COVID 19-ზე შემოწმდებიან ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულებთან უშუალო შეხება ჰქონდათ. შემოწმება ცხელების ცენტრში დასაქმებულებსაც ჩაუტარდებათ.

ასევე, ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს, მათი იქ ყოფნის მე-13 და მე-14 დღეს. სასწრაფო დახმარების ყველა ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი, მძღოლი ექვემდებარებიან გამოკვლევას, ყოველ 14 დღეში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა მუშაკი, ეპიდემიოლოგი, ვინც დადის და სინჯებს იღებს შემოწმდებიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირებულთა რიცხვი რომ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე მეტი იქნება, ამას არ გამორიცხავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. თუმცა, მან სპეკულაციაში დაადანაშაულა ის პირები, ვინც აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ზოგიერთი კვლევები ადასტურებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, რომელიც არ ვიცით, არის ძალიან ცოტა და თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს 500, შეიძლება ამას დაემატოს რაღაც რაოდენობა, თუ ყველას გამოვიკვლევთ, მაგრამ არამც და არამც ბევრი. ზოგიერთი ამას არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს“, - ამბობს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 539 ინფიცირებული აღირიცხება. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი