
"ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს", "შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ ტრანსფარანტებით მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან, სადაც კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრა დაახლოებით 6 საათია, მიმდინარეობს.
აქტივისტები ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათვისუფლებას მოითხოვენ და კრისტიან დანიელსონს თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ ახსენებენ. ამბობენ, რომ დემოკრატიისკენ მიმავალი ერთადერთი გზა სწორედ ესაა.
მშვიდობიანი აქციაა, ვენდობით თქვენს მედიატორობას. დარწმუნებული ვართ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვენლოვანია, ესაა: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ელიაძე "მთავარ არხთან" საუბრისას.
კრისტიან დანიელსონი კი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.