
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება და წერს, რომ სინამდვილეში მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი იდო და ყოველ მომდევნო შეხვედრაზე "არაფრის" გაუარესებული ვერსია ხვდებოდათ.
1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე
2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი
3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი
4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი
რეალურად არ იდო არაფერი. მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის). ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური", - წერს ზურა ჯაფარიძე.
მისი თქმით, არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე.
"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის ათსაათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.