ოპოზიცია იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ, უარესებიც უთქვამთ - მდინარაძე მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება და წერს, რომ ოპოზიცია ამას მმართველ გუნდს დააბრალებს, თუმცა უარესებიც უთქვამთ.

"სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი. ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ... აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე:

აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ქართული ოცნების შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი - სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა.

აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე! ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით - არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა!", - წერს მდინარაძე. 

მდინარაძე ამბობს, რომ პასუხი კითხვაზე გაცემულია და ოპოზიციიას მხრიდან კომპრომისად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ თვლის.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა საქართველო უკვე დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი