
საქართველოში, ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკებების ჩაშლას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყება განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსენსუსამდე მისასვლელად, დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
"ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებებში წინსვლა არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისა და დემოკრატიული მიღწევების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.