გადაეხადა გირაო და მოსულიყო მოლაპარაკებებზე - თალაკვაძე ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"გადაეხადა გირაო და მოსულიყო მოლაპარაკებებზე", - პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დღესაც გირაოს გადახდის შესაძლებლობას ახსენებს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, ენმ-ს თავმჯდომარეს პატიმრობიდან გათავისუფლება და მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა სწორედ ამ გზით შეეძლო.

თალაკვაძე ოპოზიას არათანმიმდევრულობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ისინი ერთი მხრივ მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნას ითხოვდნენ, მეორე მხრივ კი "ოცნებას" პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვდნენ. 

გვესმოდა, რომ მათი [ოპოზიციის] წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას გარეშე მოლაპარაკებები არ უნდა ჩატარებულიყოო. გადაეხადათ გირაო და მოსულიყო მოლაპარაკებებზე.. ..ერთი მხრივ, გვაკრიტიკებს ოპოზიცია და გვთხოვს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკისგან სრულად გამიჯნული იყოს, ანუ, პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ხომ იცით, რომ ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა?! ამავე მოლაპარაკებებში, იგივე დროს და იგივე ხალხი, გვთხოვს ასევე, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური დავალება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, კონკრეტულ, ერთ თუ მეორე პატიმართან დაკავშირებით.. მითხარით, როგორ არის ეს საკითხები ერთმანეთთან შესაბამისობაში?" - ამბობს თალაკვაძე. 

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეთანხმება ვერ შედგა. დანიელსონი 19 მარტს დილით ბრიუსელში გაფრინდა.   

ნიკა მელია კი 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

ნიკა მელიას დაკავებიდან ორ დღეში, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უწყება
მზადაა,
ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი