
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე არასრულწლოვანის ბებიას ბრალდება წარუდგინეს. მომხდარის დროს ბებიამ არასრულწოვნები დააჩოქა და ბოდიშის ამ ფორმით მოხდა დაავალა.
"გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.
აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა", - წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მომხდარის კადრები "მთავარმა არხმა" გუშინ გაასაჯაროა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტის შემდეგ ბებია, რომელის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე: