მთავარი არხის ეთერში გასული, ივანე გულაშვილის ინტერვიუდან რამდენიმე დღეში კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. სავარაუდოდ, ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისიც გიორგი გახარიას გვერდით იქნება.
თუმცა სანამ კახა საბანაძე ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას დაიწყებს, მას პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
"მთავარი არხის" ეთერში გასული ივანე გულაშვილის ინტერვიუს შემდეგ, შოთაძის უწყებამ გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო.
ერთ-ერთი უკანონო დავალება,რომელზეც გულაშვილმა ისაუბრა 20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების განადგურება იყო.
სწორედ ამიტომ მელიას ადვოკატმა ჩანაწერების ამოღება და სისხლის სამართლის საქმეში ჩადება მოითხოვა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მათ მოთხოვნაზე უარი დაუსაბუთებლად თქვა. ახლა გასაგებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ორმა ინსტანციამ.
კიდევ ერთი საქმე, რომელზეც კახა საბანაძემ უკანონო ბრძანება გასცა გიორგი რურუას ეხება. გულაშვილმა ავტომობილზე, ჯიპიესი სწორედ შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის ბრძანებით დააყენა.
კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველი მოადგილის სავარძელს 3 წელზე მეტ ხანს იკავებდა. 2017 წელს, როდესაც გიორგი გახარია ძალოვანი უწყების მინისტრად დაინიშნა, სუს-დან საბანაძე თავისთან გადაიყვანა.