"დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი" - "ოცნება" უკრაინის ხელისუფლებისთვის ქართული ოპოზიციის წერილს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი" - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ქართული ოპოზიციური პარტიების წერილს, რომელიც პოლიტიკოსებმა უკრაინის პრეზიდენტს მიწერეს

"ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გადაიხედება.

ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერიდან ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება, პირიქით გაუმჯობესდება.. ეს არის აბსურდი, -  ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, საქართველო-უკრაინის ინტერესები ერთმანეთს მსოფლმხედველობრივად ვერ დაემთხვევა. გარდა ამისა, ვოლსკი უკრაინის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ზელენსკის 2012 წლამდე პერიოდს ახსენებს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიცია ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს გააფუჭებს. 

ეს არის ტერიტორიულად ევროპაში ყველაზე დიდი სუვერენული სახელმწიფო, სადაც მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია სად დანიშნავენ უკრაინისვე მოქალაქეს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

პარტიის "საქართველო ლიდერთა შორის" ლიდერის, მამუკა გამყრელიძის თქმითაც, უკრაინელებს სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლიათ. 

მათთვის სააკაშვილი არის თავისუფალი ადამიანი ყოველგვარი ბრალეულობისაგან. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ქმედება არის მეგობარი ქვეყნის კერძო, შიდა საქმეებში ჩარევა, - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს.

ხელისუფლების ოპონენტებმა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ივანიშვილის გუნდის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობების ჭრილში არ განიხილონ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

ჩვენი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეფორმების გატარების კუთხით, უკრაინაში მაღალ თანამდებობას, უახლოეს დღეებში დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი