
ქუთაისში, 26 მაისის ქუჩის 51 ნომერში საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "ელიტ მედიკალის" ოფისია რეგისტრირებული, თუმცა მისამართზე მისულ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე საცხოვრებელი სახლი დახვდა.
ოჯახში ამბობენ, რომ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევიან, თუმცა შპს-ს დამფუძნებლისა და აგრესიულად განწყობილი მამაკაცის გვარები ერთმანეთს ემთხვევა.
კომპანია 12 მარტს არის დაფუძნებული და უკვე 15 აპრილს, ნულოვანი გამოცდილების მქონე "ელიტ მედიკალს" ტიკარაძის უწყებამ 700 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა.
აღმოჩნდა, რომ ქუთაისში, ეპიდემიისას დაფუძნებული შპს ერთადერთი არაა. კორონაპანიკის დროს კომპანიები საგანგებოდ შეიქმნენ და რამდენიმე დღეში სახელმწიფოსგან სოლიდური დაკვეთები მიიღეს. საეჭვო კონტრაქტორების უმრავლესობა არც მისამართზე იძებნება, არც ინტერნეტში და არც შესყიდვების გვერდზე.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილი კომპანიების უმრავლესობა საცხოვრებელ ბინებშია რეგისტრირებული. მაგალითად შპს ტნკ, რომელიც 12 თებერვალს დაფუძნდა და მალევე ჯანდაცვის სამინისტროსგან 40 ათასიანი კონტრაქტი მიიღო, რუსთავში, 21-ე მიკრორაიონშია რეგისტრირებული, ისე როგორც 10 აპრილს შექმნილი შპს შილდი.
ახალდაფუძნებულ კომპანიებთან ერთად, "ევროპულ საქართველოში" დღეს იმ კომპანიების ჩამონათვალიც გაასაჯაროვეს, რომლებსაც კოვიდ 19-ის ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკებით, მილიონობით ლარი ჩაურიცხეს. ამ სიის გამოკვეთილი ლიდერია "დოქტორ გუთსი". კომპანიამ ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი მიიღო, სანაცვლოდ კი ტიკარაძის უწყება სამედიცინო ხალათებით უნდა უზრუნველყოს. კომპანია საგანგებო მდგომარეობის დროსაც გაათმაგებული ძალებით მუშაობს და სამედიცინო ხალათებს სახელმწიფოზე 15 ლარად ჰყიდის.
სახელმწიფოს დაკვეთით 300 ათასი ლარის პირბადეები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა უცხო ქვეყნებიდან შემოაქვს კომპანია "უიქენდს". მისი დამფუძნებელი პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი ძმის ახლო მეგობარი და "ქართული ოცნების" შემომწირველი ბონდო გოლეთიანია.
"ქართული ოცნების" შემომწირველია შპს "ჯეო ფერუმის" დამფუძნებელიც. ლევან ლურსმანაშვილმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 25 ათასი, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს კი 10 ათასი ლარი ჩაურიცხა. ლურსმანაშვილმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.
საეჭვო შესყიდვებზე და პანდემიის დროს სახელდახელოდ გახსნილ კომპანიებზე ოპოზიცია კორუფციის მუხლით, ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.