
"ქართულმა ოცნებამ" საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ნაწილობრივ იცვლება. ცვლილებებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი "კოსმეტიკურად" აფასებს და ამბობს, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოების მოსაჩვენებლად ხდება.
"ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და ნებისმიერი სიახლეები მხოლოდ იმისთვის, რომ მივიღოთ კარგი სასამართლო და ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. ეს წარმოდგენილი ცვლილებები ამას ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, არის ძალიან კოსმეტიკური დანიშნულების, მთლიანად საბჭოს ეხება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ე.წ. კლანი კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მაინც მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ანა დოლიძემ ცვლილებები საძირკველგაფუჭებულ სახლში კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას შეადარა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთელ სისტემას აკონტროლებს ერთი ურთიერთგადაჯაჭვული ჯგუფი მოსამართლეებისა.
დარეგისტრირებული ცვლილებების მიხედვით: გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და ეს პროცედურა ღია იქნება; პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატებს წარუდგენენ; იუსტიციის საბჭოს წევრს კი კენჭისყრის დროს მისი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება ექნება.