
ვანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს, რომელიც გოძირიძის უფლებებს დაიცავს.
რუსუდან გოცირიძე სადაო ნორმის საფუძველზე 2 000 ლარით დაჯარიმდა ღამის საათებში გადაადგილების გამო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია.
EMC წერს, რომ დავა ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. გასაჩივრებულია ასევე მითითებული სამართალდარღვევების განხილვის წესი და მათი დარღვევისათვის პირის შესაბამის სივრცეში მოთავსების უფლებამოსილება სასამართლო კონტროლის გარეშე.
"გარდა ამისა, სადაო ნორმების საფუძველზე, პირს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი. სადაო ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისათვის, იმ პირობებში, როდესაც განუსაზღვრელია შეზღუდვების შინაარსი. შესაბამისად, ქმედების დასჯადად გამოცხადება ხდება მისი საშიშროების ხარისხის გაუთვალისწინებლად. სადაო ნორმების საფუძველზე, პირს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ისეთი უმნიშვნელო დარღვევისათვისაც კი, რომელიც არ შეიცავს სხვისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს", - წერს EMC.
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ანიჭებს პირის შესაბამის სივრცეში გადაყვანის უფლებამოსილებას.
გარდა ამისა, გასაჩვრებულია ნორმები, რომელიც პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილებას ანიჭებს შინაგან საქმეთა ორგანოებს და არა სასამართლოს.